Search

+
მესამე კლასის მოსწავლეებმა პროექტის „ზღაპრის გმირების მესჯლისის“ პრეზენტაცია მოახდინეს

20 თებერვალს ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა პროექტის „ზღაპრის გმირების მესჯლისის“ პრეზენტაცია მოახდინეს. სასწავლო პროექტი ორი საგნის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ასევე სახვითი ხელოვნების ინტეგრაციით შედგა.

პროექტის მიზნებს წარმოადგენდა მოსწავლეებში ცოდნის სიღრმისეულად გააზრება, კითხვისადმი ინტერესის აღძვრა და პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა.

პროექტის მოსამზადებელ პერიოდში მესამე კლასელებმა აირჩიეს სასურველი ზღაპრის გმირები, იმსჯელეს მათ შესახებ, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაცია კოსტიუმირებულ ხასიათს ატარებდა.  ილუსტრაციები და კოსტიუმები იყო პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის წარმატებით განხორციელებაში მშობლებიც აქტიურად იყვენენ ჩართულები. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბავშვები პერსონაჟების არჩევაში სრულიად თავისუფლები იყვნენ.

ფიფქია, დევი, წითელქუდა, კონკია, ჯინი, ნაცარქექია, ზურმუხტა (არიელი) და ჰარი პოტერი – ეს პერსონაჟები ჩვენი მოსწავლეებისთვის ზღაპრის ყველაზე საყვარელი გმირები აღმოჩნდნენ. ჩვენმა პატარებმა ცოტა ხნით მათი კოსტიუმები მოირგეს და ზღაპრის გმირების მესჯლისზე თანასკოლელებიც დაპატიჟეს. პრეზენტაციის მიმდინარეობისას მეორე კლასის მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ რომელი პერსონაჟის კოსტიუმში იყო გამოწყობილი მათი მეგობარი.

პრეზენტაციის დროს მესამე კლასის მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება, თუ რატომ არის კონკრეტული ზღაპრის გმირი მათთვის ყველაზე საყვარელი. გარდა ამისა, ბავშვებმა აუდიტორიას ის წერილებიც წაუკითხეს, რომელიც საყვარელ პერსონაჟებს მისწერეს.

აღმოჩნდა, რომ პატარა კატოს ფიფქიასთან ერთად მოგზაურობა სურს, მარიკოს კი კონკიას ზღაპარში ყველაზე მეტად ბედნიერი დასასრული მოსწონს.

ცნობისმოყვარე მარიამს ყველაზე მეტად აინტერესებს თუ, როგორ ცხოვრობს ოკეანის ფსკერზე თავისი საყვარელი პერსონაჟი ზურმუხტა.

თეომ კი წითელი ქუდითა და კალათით იმიტომ გადაწყვიტა პრეზენტაციზე მოსვლა, რომ მისი საყვარელი ზღაპრის გმირი მამაცი, კეთილი და მზურნველი გოგონა-წითელქუდაა. დაჩიკომ კი არჩევანი ჯინიზე შეაჩერა.  რადგან ჯინი ადამიანებს სურვილებს უსრულებდა და როგორც თვითონ თქვა აბედნიერებდა, პატარა დაჩის სურს, რომ ჯინის ლამპარი მხოლოდ ჯინისვე ეკუთვნოდეს და ის სრულიად თავისუფალი იყოს.

ლევანიკომ კი გადაწყვიტა, რომ თავის მეგობრებითან ერთად ცოტა ხნით ჰოგვარცის ჯადოქრობისა და მაგიის სკოლაში ემოგზაურა და საყვარელ პერსონაჟის, ჰარი პოტერის შესახებ მოეთხრო. ლევანიკომ ჰარი პოტერს მადლობა გადაუხადა იმ ემოციებისთვის, რაც ზღაპრის კითხვის დროს განიცადა, რადგან ამ დროს გაიაზრა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.

ჩვენს პატარებს ყურადღების მიღმა ქართული ხალხური ზღაპრებიც არ დარჩენიათ. საბუკას საყვარელი გმირი დევია. პატარა საბას თქმით, დევი მიუხედავად იმისა რომ ძლიერი და ღონიერია, ის მაინც ყოველთვის იჩაგრება. ხოლო, როგორც საბუკამ თქვა, თვითონ ყოველთვის დაჩაგრულებს თანაუგრძნობს. დათუნას საყვარელი გმირი  ნაცარქექიაა. პატარა დათო ნაცარქექიას განსაკუთრებული მოხერხებულობის უნარითა და გონიერებით მოიხიბლა.

პროექტი წარმოადგენდა ერთგვარ შემაჯამებელ მუშაობას, რომელის შედეგადაც ჩვენ ბავშვებს განუვითარდათ ისეთი საჭირო უნარები, როგორიც არის აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება, არგუმენტირებული მსჯელობის დახვეწა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა.

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს, ნინო მასწავლებელს ასეთი მაღალი დონის სასწავლო პროექტის ორგანიზებისთვის.

კომენტარები