Search

+
ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი 14 თებერვალს ოკუპაციის მუზეუმში ჩაუტარდათ.
ქვეყნაში არსებული რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახონ საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის ამსახველი დოკუმენტური მასალები და ისტორიული სამხედრო იარაღები.
ოკუპაციის მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს როგორც მუდმივი, ისე დროებითი ექსპოზიცია. დროებითი გამოფენის “წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ დათვალიერების მიზანს წარმოადგენდა ქართული კულტურის უმძიმესი პერიოდის, 1937-38 წლების, შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.
ჩვენი სკოლის სახვითი ხელოვნების პედაგოგმა მერვე და მეცხე კლასის მოსწავლეებს გააცნო რეპრესირებული მხატვრების შემოქმედება და ის ზოგადი ატმოსფერო, რომელიც 1930-იან წლებში ქართულ სახელოვნებო სივრცეში სუფევდა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიმიტრი შევარდნაძის, რიჰარდ ზომერის, პეტრე ოცხელის ჰენრიკ ჰრინევსკის, ქეთევან მაღალაშვილის, დავით კაკაბაძის, კორნელი სანაძის, თამარ აბეკელიას, კირილ ზდანევიჩის, ელენე ახვლედიანის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვისა და ვახტანგ კოტეტიშვილის ნამუშევრები.
აქტივობის დროს მოსწვალეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, როგორც საბჭოთა ცენზურის პირობებში შექმნილ ნამუშევრებზე, ისე რეპრესირებული მხატვრების შემოქმედების შესახებ. გარდა გამოფენის გაცნობისა, გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო ისიც, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს გაეაზრებინათ დროის კონტექსტი და საბჭოთა დიქტატის როლი ქართულ სახელოვნებო სივრცეში.
მოსწავლეების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ვახტანგ კოტეტიშვილის მცირე პლასტიკამ „მუხლმოყრილი მამაკაცი“. ეს ფიგურა არის რეაქცია იმ შემზარავ მოვლენებზე, რომელიც 1937-38 წლებში ქართულ სახელოვნებო სივრცეში ხდებოდა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა რეპრესირებული მხატვრების შემოქმედების გარდა, დაათვალიერეს იმ ხელოვანთა ნამუშევრები, რომლებიც ფიზიკურ განადგურებას გადაურჩენენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხატვრების შემოქმედება წლების განმავლობაში საბჭოთა ცენზურის მარწუხებში იყო მოქცეული.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით დაინახეს და გაიაზრეს სოციალისტური რელიზმის ტიპის სურათებსა და თავისუფალი შემოქმედებას შორის განსხვავება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ გამოთქვეს საკუთარი აზრი და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები.

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა განაგრძობს მოსწავლეებში გასვლითი- შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას. ვფიქრობთ, რომ ასეთი სახის გაკვეთილები მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნის კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

კომენტარები