Search

+
ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ

12 თებერვალს ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა სახელწოდებით „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“.
წელს სრულდება დავით IV-ის გამეფებიდან 930 წელი. გამოფენა სწორედ ამ თარიღს უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მეფე დავითი ასოცირდება ძლევამოსილ ბრძოლებთან, გელათის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობასთან, სასამართლო საქმიანობასთან, საეკლესიო რეფორმასთან და სხვ… ნაკლებად არის ცნობილი მეფე დავითის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა, რაც უმნიშვნელოვანესი საფუძველი იყო ყველა სხვა რეფორმისა და მიღწევისა.
საექსპოზიციოდ წარმოდგენილ ხელნაწერებს შორის გამორჩეულად აღსანიშნავი იყო ისტორიული საბუთი, რომელშიც დავით IV პირველად იხსენიება „აღმაშენებლის“ ზედწოდებით – კონსტანტინე და ბაგრატ მეფეების სასისხლო სიგელი არჯევან ავჟანდაძისადმი, სადაც მოთხრობილია ლეგენდარული ამბავი გელათის აკადემიის აგებისას მეფე დავითის ხარაჩოდან გადმოვარდნისა და მკურნალობის შესახებ. გამოფენის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ისეთი იშვიათი ხელნაწერები, რომელთა საცავიდან საგამოფენო სივრცეში განთავსება არცთუ ხშირად ხდება.
მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტური ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლებისა და გამოფენების განყოფილების თანამშრომელმა ქალბატონმა მანანა ღვინერიამ ჩაუტარა. ექსპოზიციის დათვალიერებისა და ხელნაწერების შესახებ საინტერესეო ისტორიების მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს კლასში გასაფერადებლად დიდგორის ბრძოლის გამარჯვების ამსახველი სცენა გადაეცათ, რომელიც ამოღებულია ხელნაწერი „დავითნიდან“. ადგილზე კი პატარებმა მე-18 საუკუნის ხელნაწერის „წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის“ რეპროდუქციები გააფერადეს.
„წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი“ განსაკუთრებული ფერწერულობით გამოირჩევა. ამ უნიკალური ხელნაწერის მინიატურებზე გამოსახული პორტრეტები თუ პეიზაჟი ნამდვილად არ ჰგავს რეალურს. აქ შეხვდებით ლურჯ ცხენებს, მოისამნისფრო ირმებსა და მოვარდისფრო მთებს.
ასეთი ტიპის რეპროდუქციების გაფერადება ბავშვებს საშუალებას აძლევს ფერებისადმი მეტი თავისუფლება გამოიჩინონ. ეს კი მათი ესთეტიკური აღქმის უნარის გამომუშავებას ხელს უწყობს.
საგანმანათლებლო აქტივობა მიზნად ისახავდა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს გაეგოთ უფრო მეტი ქვეყნის ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ. საკუთარი თვალით ენახათ დავით აღმაშენებლის ეპოქის ნუსხური ხელით შესრულებული ხელნაწერები. მოესმინათ აქამდე უცნობი ისტორიები საქართველოს სახელგანთქმული მეფის, დავით IV აღმაშენებლის შესახებ.
აქტივობის ბოლოს მოეწყო მცირე ფოტოსესია მიხაი ზიჩის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების სტენდთან. სტენდის საშუალებით ჩვენი სკოლის პატარები მოულოდნელად შემსწრენი გახდნენ ამბისა, როცა შოთა რუსთაველმა მეფე თამარს პოემა პირველად წარუდგინა.
აქტივობის ბოლოს ჩვენს მასწავლებლებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან დავით აღმაშენებლის ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ ღია ბარათების კრებული გადაეცათ.
ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა მადლობას უხდის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობისთვის.

კომენტარები